სანამ ჩვენ გვძინავს

და მაინც რაში მდგომარეობს ადამიანად ყოფნის მთელი ეს მისტიკა?! ხშირად ადამიანები სიცოცხლის წყურვილს და მისით ტკბობის უნარს კარგავენ და ასე ემსგავსება არსებობის დღეები სიზიფეს მითის ყველაზე მძიმე ლოდის დაუსრულებლად თრევას. რატომ გვემართება ასე, იქნებ ჩვენც სიზიფესავით აგდებული დამოკიდებულების გამო ვისჯებით, თუკი საერთოდ არსებობს სასჯელი მისი ადამიანური გაგებით…

დიდი ხანია დამჩემდა ფიქრი სამყაროსეული კანონების იმ მოდიფიცირებულ მოდელზე, რომელიც ჩვენ თავად გამოვიგონეთ, რომლითაც ტვინი გამოვიტენეთ და რომლის ტყვეებიც ვართ აგერ უკვე დიდი ხანია. სამყაროს საერთოდ არ სურს ვინმეს დასჯა! ყველა ეს “სასჯელი” ჩვენივე სცენარის ნაწილი, ჩვენივე გონებისა და წარმოსახვის ნაყოფი, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია თავი დასჯის ღირსად.

ალბათ სიზიფეც არ დაუსჯიათ ბერძნელ ღმერთებს თავისი სურვილით და თავად სიზიფეც თვლიდა თავს დასჯის ღირსად, აბსურდულად მიაჩნდა თავისი ყოფა ან მანაც, როგორც ათი ათასობით ადამიანმა ამ სამყაროში, არ იცოდა, როგორ ეპოვნა თავისი თავის უკეთესი ვერსია. სამყარო სინამდვილეში გვაძლევს ძალიან ბევრ შანსს და იმდენად ბევრ თავისუფლებას, რომ ადამიანთა მოდგმას გასროლილი ტყვიასავით ეშინია ამ სიტყვის გაგონების.

თუ გაბედავ, რომ გიყვარდე ხვალაც?!

ყოველ ჯერზე, ყოველი ახალი დილის გათენებისას ჩემს თავს კითხვას ვუსვამდი: გავბედავ თუ არა ყველაფერი თავიდან დავიწყო?! მეყოფა თუ არა ძალა, რომ ვაღიარო შეცდომები და ადამიანებს “გაკვეთილები” ან თუნდაც “გამოცდილება” ვუწოდო?! და რაც მთავარია, მეყოფა თუ არა გამბედაობა, ისევ შევიყვარო?! და ეს ყველაფერი დრამების გარეშე…

სიყვარულის ადამიანისეული უნარი მუდმივად ვითარდება, ჩვენ მუდმივად განვიცდით ცვლილებებს და ადრე თუ გვიან ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ამ სრულიად უცნაურ და განუზომლად დიდ სამყაროში ჩვენი არსებობის მთავარი აზრი დაგვანახონ, ისინი არსებობენ და ჩნდებიან იმიტომ, რომ გვითხრან, თუ როგორ შეგვიძლია ყველაფრის თავიდან დაწყება, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენივე თავი გვიყვარდეს და ეს ეგოიზმში არ გვერეოდეს, გვითხრან, რომ იწვიმებს კიდევ ბევრჯერ და ამინდის მიუხედავად, მუდმივად მზად იყვნენ, დაიძინონ ჩვენს გვერდით, ჭირსა თუ ლხნში…

162b7223cc85eb315fde51caf00e23b9

– დღეის ამას იქეთ მე გავბედავ, მიყვარდეს ჩემი თავი, რომ უფრო მეტად მიყვარდე შენ!

– მე გავბედავ, ვიყო კეთილი და მიმტევებელი!

– მე გავბედავ, გავხდე იმდენად მამაცი, რომ ავიტანო ყოველგვარი მარცხი და გიყურებდე თვალებში სირცხვილის გარეშე!

– მე გავბედავ, რომ სიყვარულის ომში გამოგიწვიო და მოვიხსნა ყველა ნიღაბი, რომელიც აქამდე მიტარებია!

და შენ თუ გაბედავ, რომ გიყვარდე ხვალაც?!

მე – თეტისი

“ჩემო ჩვილო და მაგარო,
ასსახიანო,
ავანტიურა, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ,
ცხოვრება აღმოჩნდა.”
ბ. ხარანაული

 

რამდენი სვლაც უნდა ითამაშო ან რამდენჯერაც უნდა შეცვალო ტაქტიკა, სინამდვილეში ეს მაინც ჩვენ ვართ, საკუთარი შიშებით და წარსულის გამოცდილებით; საკუთარი გადაწყვეტილებებით, რომ აღარ ვაპატიოთ; გადაწყვეტილებით, რომ თავიდან შევქმნათ ჩვენი თავი – ახლებური ვერსიით, რომელიც აღარ იქნება დაუცველი, სულელი, ბავშური, არარაციონალური ან სულაც პირიქით.

მე აღარასდროს ვიქნები ისეთი, როგორიც შენ დამტოვე. მაპატიე აქვე და დღეს, რომ მე თავიდან შევქმნი ჩემს თავს და ვეღარასდროს შეგაგებებ იმ “მეს”, რომელსაც ასე ძალიან სტკიოდა ყველა შენი სილის გაწვნა. დღესვე მინდა მაპატიო იმ იმედგაცრუებისთვის, რომ ოდესმე შენთვის ნაცნობ ადამიანს ვეღარსად იპოვი და კიდევ იმისთვის, რომ დიდი ხანი მოგიწევს თუნუქის გამოუსადეგარი ქილებივით ათრიო ეს იმედგაცრუება. მაპატიე, თუკი ოდესმე შენც იგრძნობ მარტოობას, მხოლოდ იმიტომ რომ შენი მოსვლა ვერ გავიგე და აღარც შენი ხმა მეცნობა.

image_5714e-PLCK-G004.5-19.5.jpg

ქალღმერთ ჰერას არ მოსწონდა ცაზე კალიფსოს და არკასის მდებარეობა და ასე სთხოვა დახმარება თეტისს – ზღვებისა და ოკეანეების ქალღმერთს – რომელმაც შეცვალა მათი განლაგება დედამიწის ბრუნვის გათვალისწინებით და ისინი არასოდეს ეფარებოდნენ ჰორიზონტს.

 

სანამ ჩვენ გვეძინა

Freedom is nothing but a chance to be better. 
― Albert Camus

არის თუ არა ყველაფრის კეთების უფლება თავისუფლება?! როგორ იქმნება ურთიერთობები?! ჩვენ, ადამიანები ვქმნით მათ თუ პირიქით, თითოეული ურთიერთობა გვქმნის ჩვენ, ადამიანებს?!

ურთიერთობების გარეშე ჩვენ არ შეგვიძლია არსებობა და თითოეული ჩვენგანი ყველაზე გარიყულ, მეზღვაურებისთვისაც კი უცნობ, მარტოდ მდგომ შუქურას დაემსგავსება მეორე ადამიანის გარეშე. ამაშია ადამიანური ურთიერთობების მთელი მაგია – ჩვენ ერთმანეთზე ზეგავლენას ვახდენთ და ქიმიურ რეაქციაში შესული ჩვენი ემოციები იწყებენ გარდასახვას ანუ, როგორც ის მოღუშული შვეიცარიელი კაცი იტყოდა, ჩვენ ყოველი ასეთი ქიმიური შეხვედრის შედეგად ვიცვლებით…

ამ ცვლილებებშიც, ცხადია, არის რაღაც ძლიერად ავთენტური, რაც მხოლოდ ჩვენ გვახასიათებს და რის გამოც, ყოველი ჩვენგანი უნიკალურია… თუმცა მთავარი კითხვა, სად გადის ზღვარი სხვებზე გავლენის მოხდენის უნარის გამოყენებაში, მაინც კითხვადვე რჩება. ხშირად ყველაფრის კეთების თავისუფლების, არჩევანის თავისფლების და საერთოდ ყველანაირი თავისუფლების სახელით სხვა ადამიანები იტანჯებიან… ჩვენ ავირჩიეთ, გვემოქმედა სამყაროსგან ბოძებული თავისუფლების სახელით და უცებ, შედეგი მტკივნეულია სხვისთვის, ისეთისთვის, რომელსაც განზრახ არასდროს ვავნებდით… რომ არა ეს თავისუფლება ქცევაში, არჩევანში…

და მაინც, სანამ ჩვენ გვძინავს, სამყარო განაგრძობს ჩვენს ქიმიურ რეაქციებზე დაკვირვებას… და ჩვენ ჯიუტად ვაგრძელებთ თავისუფლებით ტკბობას.

download

როცა ძალიან მოგენატრები

“სადღაც ავცდით ერთმანეთს დახლართულ ლაბირინთში და სხვადასხვა სივრცეში მოვხვდით. ეტყობა ადამიანური ხუთი გრძნობა საკმარისი არაა იმისთვის, რომ ერთმანეთის სივრცეს მივაგნოთ.”
– ჯემალ ქარჩხაძე

 

ადამიანთა უმრავლესობას გვგონია, რომ სწორად ვიქცევით და ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე სწორ მხარეს სიარული ვამჯობინეთ, სინამდვილეში ჩვენ ამის დაჯერება ვარჩიეთ მხოლოდ და არავინ იცის, სწორია ეს გზა თუ არა… ან იქნებ საერთოდაც არ არსებობს “სწორი” და “არასწორი”?! ისევე როგორც “კარგი” და “ცუდი”, ვინ იცის…

ჩვენ ერთმანეთს უკვე ვიცნობდით და ეს გზაც ოდესღაც გავიარეთ, ოდესღაც ერთმანეთიც ასევე დავკარგეთ, როგორც – დღეს… არსებობენ ურთიერთობები მომავლის გარეშე, ურთიერთობები, რომელთა მთავარი გმირები კვლავაც და კვლავაც დაკარგავენ ერთმანეთს, სანამ ეს სამყარო იარსებებს… მათ ერთად ყოფნა არ შეუძლიათ, თუმცა ყოველთვის ეყვარებათ ერთმანეთი, ყოველთვის გაიხსენებენ იმ ერთ დღეს და დაელოდებიან სხვა შეხვედრას, იქნებ და ოდესმე…

9397344478_ccf77caffc_z

მე კვლავაც გიცნობ და შენც ისევ გაგახსენდება ჩემი გამოხედვა, ჩემი გაბრაზება და ღიმილი როგორც ახლა, აქ, ამ სამყაროში… და მაინც, მე ისევ არ მაქვს პასუხი, რა მოხდება, თუ ჩვენ შეხვედრას ვერ შევძლებთ?!

 

Perfect Sense

“ნეტავი სადმე

შორ ვარსკვლავზე გადამასახლო,

რომ დრო დამჭირდეს აქ მოსასვლელად…” 

ბ. ხარანაული

 

თუ 186, 282 მილი წამში არაფერს გეუბნებათ, არაუშავს, მიუხედავად ფიზიკის კანონების არცოდნისა, თქვენ მაინც შეიძლება გრძნობდეთ ყველაზე სწრაფი სინათლის სხივის შემოჭრას თქვენი ცხოვრებაში: სინათლე მოძრაობს ერთი და იმავე სიჩქარით, მუდამ, ხოლო სინათლის სიჩქარის გამო სამყარო ძალიან გავს დროის მანქანას. თითქოს, ყველაფერი ძალინ მარტივია და სინათლეზე სწრაფად სამყაროში არაფრს შეუძლია მოძრაობა, მაგრამ აქ ვცდებით! სინათლეზე სწრაფად ჩვენი ემოციები მოძრაობენ…

ბოლო რამდენიმე დღეა მხოლოდ მის სახეს ვაკვირდები, სხვას ვერაფერს ვახერხებ და პარალელურად ვფიქრობ, როგორ შეუძლია ასე მშვიდად გამოიყურებოდეს?! როგორ შეუძლია, თავი მომაჩვენოს, რომ არაფერს გრძნობს?! დროის მანქანა ახლა მე მჭირდება, ისევ თავიდან დავიწყებ, რომ უკეთესად დავაკვირდე, რა გამომრჩა… რაღაც აუცილებლად გამოვტოვე, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რის გამოც ახლა თითქოს ჩემს “დასჯას” აგრძელებს გულგრილი გამომეტყველებით… იცით, ის არასდროს იტყუება – ხომ ძალიან უცნაურია ადამიანის კვალობაზე?! თუმცა, დამიჯერეთ, ის არასდროს მოგატყუებთ, არც გულგრილ გამომეტყველებას იტყუება, ეს მისი ყველაზე მომხიბვლელი ნაწილია.

და მაინც, ნეტა რას იზამს, ჩემი სხვა პლანეტაზე გადასახლება  რომ შეეძლოს?! ეს კითხვა ამაღამაც არ მომცემს მოსვენებას, თუმცა მე ხვალაც ჯიუტად შევეცდები სინათლის სხივზე სწრაფად შევაღწიო მისი გონების ბნელ ხვეულებში…

perf.sense_

პ.ს. შენ ალბათ კიდევ ბევრჯერ იქნები სევდიანი და დაელოდები ჩემს დაბრუნებას სხვა პლანეტიდან, სინათლის სიჩქარეზე სწრაფად.

თამაში კვლავაც გარდაუვალია

“Written kisses don’t reach their destination, rather they are
drunk on the way by the ghosts.”
― Franz Kafka, Letters to Milena

 

გინახავთ ერთმანეთის მომლოდინე ადამიანები?! ხშირად ლოდინი მთელი ცხოვრება გრძელდება, დაუსრულებლად და ასე, რაღაცნაირად ცხოვრება იქცევა თავად მოლოდინად…

რატომ ვერ შევხვდით ერთმანეთს ამ ცხოვრებაში?! თუ უკვე შევხვდით, რატომ ვერ ვიცანით ერთმანეთი?! და თუ ვიცანით ერთმანეთი, რატომ ვკარგავთ გამუდმებით?! რატომ ვერ ვახერხებთ ერთმანეთის შენარჩუნებას, ნუთუ ასე რთულია, იცნო და თან არ გაუშვა?!

ამ სამყაროში ყოველი ჩვენი დღე ჯადოქრობითაა სავსე: ყოველი ჩვენგანი მეორეზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას ფლობს, თანაც ზოგიერთმა ამის შესახებ არც კი იცის. არსებობენ ისეთებიც, რომელთა გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე გარდაუვალიც კია, ისინი არსებობენ სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც გვასწავლონ და ჩვენი მეშვეობით თავადაც ისწავლონ, ასე მუდმივად ჩვენ მასწავლებლის და მოსწავლის როლებს ვცვლით… in perpetuum… თამაშები კვლავაც გარდაუვალია… და ამ თამაშებში არის რაღაც ძალიან საკრალური და სევდიანიც ამავდროულად.

bb3fd73f6a148725fd62209317356c81

სანამ ჩვენში ისევ არსებობენ მოლოდინები და გარშემო მყოფ ადამიანებს ისევ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების თავდაყირდა დაყენება, სანამ ისინი გვასწავლიან დაუზარებლად, როგორ გავხდეთ უკეთესები და ვიბრძოლოთ ისე, რომ არ დავნებდეთ, ჩვენ ვერასდროს შევწყვეტთ თამაშს, სიყვარულს, ნდობას, ღიმილს და ერთმანეთთან დაბრუნებას…

და მერწმუნეთ, მე ვყოფილვარ მასწავლებელიც, თუმცა უფრო ხშირად – მოსწავლე და გეტყვით, რომ სევდასთან გამკლავება მაინც დარჩება ადამიანთა ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად…

როცა მე “მეს” ვთამაშობ

“ადამიანის ემოციები ხელოვნების ნიმუშებივით არიან და მათი გაყალბებაც შესაძლებელია. ძალიან გვანან ორიგინალებს, თუმცა თითოეული მათგანი შესაძლოა მაინც ყალბი აღმოჩნდეს. ყველაფრის გაყალბება შეიძლება, სიხარულის, ტკივილის, სიძულვილის… სიყვარულისაც კი.”

 

იუნგი მიიჩნევდა, რომ ადამიანის ფსიქიკური მთლიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ინდივიდუალიზაციის პროცესის სრულყოფა – ცნობიერი და არაცნობიერი შეთანხმებულად მოქმედებენ, თუმცა მათი ავტონომიურობა მაინც შენარჩუნებულია. მარტივად რომ ვთქვათ, ინდივიდუალიზაცია ამავე დროს ადამიანური ტრანსფორმაციაცაა, ანუ მე ვყალიბდები “მედ” და ყოველდღე ჩემში რაღაც უნიკალურს აღმოვაჩენ და ვაცნობიერებ. მოკლედ, მე “მეს” თამაშს ვიწყებ…

თითოეული ჩვენგანი ვებმებით თამაშში, რომელსაც ცოტა მოგვიანებით სრულიად საზოგადოება პიროვნების განვითარების აუცილებელ პროცესს დაარქმევს და შეთანხმდება, რომ ახალი ცოდნა და უნარები, ფასეულობითი სისტემების გადაფასება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ინდივიდუალიზმის მისაღწევად!

ერთმანეთს რომ არ ვგვავართ, ეს უკვე შესანიშნავი ამბავია, მაგრამ შესანიშნავი ის ამბავი აღარ არის, როდესაც ვცდილობთ, რომ დავემსგავსოთ – ინდივიდუალიზაციის პროცესი ირღვევა!

carl-gustav-jung-quote-the-most-terrifying-thing-is-to-accept-oneself.jpg

“მეს” თამაში ცეცხლთან თამაშს გავს, შეიძლება ისე ძალიან შეისისხლხორცო გამონაგონი “მე”, რომ ერთ დღეს უბრალოდ ვეღარ შეძლო გარჩევა, რომელი “მე” ხარ სინამდვილეში. შიშებისა და უამრავი ადამიანური სისუსტის უკან დამალულმა “მემ” მოულოდნელად იცის თავის შეხსენება, როცა ამ თამაშის აზარტში შესულს ყალბი ინდივიდუალიზაციის სრულყოფილებით ტკბობა გწადია… შენი ნამდვილი “მეს” გაცნობა სულაც არ არის სასიამოვნო პროცესი, ხანდახან იმედგაცრუებული უფრო ხარ, ეს დალაგებულ-დაწყობილი და დიდის წვალებით შეკოწიწებული “მე” შენ რომ არ აღმოჩნდი! მეორე იმედგაცრუება იცით სად იმალება?! თურმე არც ის გცოდნია, შენს ნამდვილ “მეს” რა აბედნიერებს, რა არ მოსწონს ან რატომ დუმდა ამდენი ხანი თამაშის შემყურე?! არცერთზე გაქვთ პასუხი? არაუშავს, ხდება ხოლმე… მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ყოველთვის შეგიძლია შენი “მეს” უკეთესი ვერსია შექმნა.

p.s. და მაინც ჩვენ ყველანი ამ თამაშს ჯიუტად ვთამაშობთ და ასევე ჯიუტად არ გვსურს თამაშებს ვაგებდეთ!

 

თბილისი – მტვრის ქალაქი

სამყაროს ცივილური ნაწილი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ შეთანხმდა, რომ ადამიანის უფლებათა დასაცავად საჭირო იყო ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც არ დაუშვებდა ჩვენი ფუნდამენტური უფლებების არაფრად ჩაგდებას და სახელმწიფოს, როგორც ძალაუფლების გადაჭარბებისაკენ მიდრეკილი წარმონაქმნის, მხრიდან გამუდმებულ ჩაგვრა-ვაებას. ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი, რომლის არსებობასაც სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველკურსელიც კი დაგიდასტურებთ, ცალსახად ამბობს, რომ ჩემი, როგორც ადამიანის, სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და რომ დაუშვებელია მისი განზრახ ხელყოფა.

პატივცემულ ევროპელებს იმთავითვე გაუჩნდათ ეჭვი, რომ მარადიულ ქალაქში ხელმოწერილი დოკუმენტი მხოლოდ დოკუმენტადვე დარჩებოდა და ამიტომ კიდევ უფრო პატივსაცემმა სასამართლომ დაადგინა, რომ ყოველ სახელმწიფოს ევალება, უზრუნველყოს მისი იურისდიქციის ფარგლებში კონვენციით დაცული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა. ანუ, თუ მე მაქვს სიცოცხლის უფლება და ამას სამყაროს ცივილური ნაწილი დიდი ხანია აღიარებს (მაგის გარეშეც ვიცით, რომ მაქვს!), გამოდის, რომ ჩემმა სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მე ვიცოცხლო.

ნისლი-702x336

დღეს ქალაქში მხოლოდ მტვრის ფერია, ქარიშხლის წინ ჩამოწოლილი ბურუსის ფერი… ამ ბურუსს ცხადად ხედავ და ფიქრობ, ნეტავ კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ ჩვენმა სახელმწიფო შეძლოს თავისი პოზიტიური ვალდებულებების შესრულება?!

ერთ დღეს გავიღვიძებთ და ჩვენ გვშთანთქავს მტვრისფერი ქალაქი!..

პ.ს. სიცოცხლის უფლება არის აბსოლუტური უფლება.

ყავა თუ ჩაი?!

“I cannot start a story without knowing how it ends…

Of course, it rarely ends that way.”

K. Ishiguro

სინამდვილეში დასასრული არ არსებობს, დასასრული ადამიანებმა მოვიგონეთ, რომ ასე ერთმანეთი დაგვესაჯა. ჩვენ მუდმივად ვსჯით ერთმანეთს იმისთვის, რომ მოლოდინები გაგვიცრუვდა, რომ არ გამოვდექით უკეთესები, რომ ვიღაცა გაუწონასწორებელია, ვიღაცა – ზედმეტად გაწონასწორებული, რომ ვიღაცას კაპუჩინო ურჩევნია ჩაის სმას…

თითოეულ ჩვენგანი ვცხოვრობთ სამყაროს ჩვენეულ მოდელში და ძალიან ხშირად, ჩვენდა სამწუხაროდ, გვავიწყდება რომ არსებობს “სხვების” მოდელები, სადაც სულაც არ გამოვიყურებით ისე, როგორც ეს ჩვენ გვსურდა. შროდინგერის კატასავით ერთდროულად შეიძლება ვიყოთ კარგიც და ცუდიც “სხვების” სამყაროში, თუმცა ჩვენ ძალიან გვიჭირს კონტრასტების მიღება, ამიტომაც გამუდმებით ყველა ითხოვს, ვიყოთ კარგი ან ცუდი, ან მხოლოდ ყავა ვსვათ, ან – კიდევ ჩაი.

ყოველი მოვლენა სამყაროში მოიცავს მის ყველა შესაძლო შედეგს, ყოველი ეს მოვლენა სამყაროში ერთდროულად ყველა შესაძლო კონფიგურაციაში არსებობს, მაგრამ როგორც კი მას დავაკვირდებით, იგი იძულებულია ერთ-ერთი შედეგის სახით წარმოგვიდგეს. ასე ვიღებთ ერთ რომელიმე რეალობას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სხვა რეალობა არ არსებობს, ჩვენ მას უბრალოდ ვერ ვხედავთ.

ამიტომაც ყოველთვის გვჭირდება დასასრული, ყოველთვის გვჭირდება მხოლოდ კარგი ან ცუდი, ალბათ ასე ვსჯით სხვას ან ჩვენს თავს.